ძებნა

ცისფერ ყანწელები


ცისფერყანწელები — ქართველ სიმბოლისტ პოეტთა და პროზაიკოსთა შემოქმედებითი გაერთიანება, რომელიც 1920-იან წლებში ქართულ ლიტერატურაში დომინირებდა. დააარსეს ახალგაზრდა მწერლებმა ქუთაისში 1916 წელს და არსებობდა 1930-იან წლებამდე, როცა მოძრაობა საბჭოთა წყობილებამ უგემოვნოდ და უსარგებლოდ შერაცხა და დევნა დაუწყო.

მოძრაობის ჩამოყალიბების პერიოდში ქუთაისი ქართული ავანგარდული აზროვნების ცენტრს წარმოადგენდა. მიმდინარეობის წევრები იყვნენ მისი დამფუძნებელი და მენტორი გრიგოლ რობაქიძე, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე, შალვა აფხაიძე, ნიკოლო მიწიშვილი, ალექსანდრე არსენიშვილი, სანდრო ცირეკიძე, გიორგი ლეონიძე, სერგო კლდიაშვილი და შალვა კარმელი (გოგიაშვილი). მე-20 საუკუნის უდიდესი ქართველი პოეტი გალაკტიონ ტაბიძეც ამ ჯგუფთან ასოცირდებოდა თავიდან, თუმცა მოგვიანებით მან ეს გუნდი დატოვა. ამ გუნდთან დაახლოებული იყო ასევე მხატვარი ლადო გუდიაშვილი, რომელიც ხშირად ამ მწერლების პუბლიკაციებისთვის ილუსტრაციებს ქმნიდა. «ცისფერყანწელთა» ლიტერატურული ჯგუფი. მე-20 საუკუნის ქართულ პოეზიაში გარკვეული ადგილი უკავია «ცისფერი ყანწების» ლიტერატურულ ჯგუფს. ამ პოეტურმა სკოლამ, მთელი მისი არსებობის პერიოდში, თავისებური კვალი დააჩნია ჩვენი საუკუნის ქართულ მწერლობას და ერთ დროს მისი «მედროშის» პრეტენზიითაც კი გამოდიოდა. ეს ლიტერატურული კორპორაცია სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა ჩამოყალიბებული ლიტარატურული პროგრამითა და მანიფესტით, რომელითაც მან საზოგადოებას ამცნო თავისი მხატვრულ-ფილოსოფიური კრედო. «ყანწელებმა» გამოუშვეს რიგი პერიოდული გამოცემებისა, პოეტური ანთოლოგიებისა და კრებულებისა, სადაც ამ ჯგუფის წევრები ბეჭდავდნენ როგორც თავიანთ ორიგინალურ ლექსებსა და თეორიულ წერილებს, აგრეთვე თარგმანებსაც. ისინი თავიანთი პერიოდული გამოცემების ფურცლებზე აქტიურად აყენებდნენ სხვადასხვა მხატვრულ, თეორიულ თუ საზოგადებრივი მნიშვნელობის პრობლემებს და თავისებურად ცდილობდნენ ამ საკითხების გადაჭრას.

No comments:

Post a Comment